უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება. ამასთან, ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და აშშ-ში პარტნიორები მას მხარს უჭერენ.
„აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე გზავნილი, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიასთან მიმართებით ესკალაციის გაგრძელებას არ აპირებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეარხ „1+1“-ის ეთერში.
ზელენსკის თქმით, ეს დღეს „მცირე და არა საბოლოო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია“.
10 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც NATO-ს, საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს.
„ევროპის უსაფრთხოების ძირეული ინტერესებისთვის აუცილებელია, ოფიციალურად უარყოფილი იყო NATO-ს, 2008 წლის, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან, ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.