ნინო ლომჯარია ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ: პრობლემურად მეჩვენება, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი

„მრავალმხრივი პრობლემებია რომელსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება“, განაცხადა სახალხო დამცველმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, როდესაც ექიმების კონსილიუმთან ერთად ექსპრეზიდენტი მოინახულა. ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტის სამედიცინო შემოწმების შემდეგ დასკვნას გამოაქვეყნებს.

„ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა არის მრავალმხრივი პრობლემები, რომლებსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ საკითხზე მაინცადამაინც ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ძალიან მალე ვეცდებით, რომ ჩვენი დასკვნა იყოს“, - უთხრა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

სახალხო დამცველის თქმით, ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით დეტალურად შეისწავლა პაციენტის საქმე.

„ასევე, ჩატარდა მისის უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ, რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ ბუნებრივია, გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება უფლებრივ მგდომარეობაზე დასმულ შეკითხვას, სახალხო დამცველის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი სეირნობის უფლებით ისარგებლებდა; სააკაშვილს, როგორც პაციენტს უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება და ეს საკითხი პრობლემაა.

„რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური სასჯელი გამოიხატა მხოლოდ საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც მას ისედაც შეზღუდული ჰქონდა სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს, მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის საკითხზე საუბრისას, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ჯერ მისი მდგომარეობა ექიმების მიერ უნდა შეფასდეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ.

„ალბათ, ჯერ უნდა შეფასდეს ჯანმთელობის მდგომარეობა და ექიმები რეკომენდაციებსაც დაწერენ. მე ამ რეკომენდაციებში არ ვერევი, თუ იქნება ექიმების მხრიდან მსგავსი შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი მხარს დაუჭერს ამ რეკომენდაციების განხორციელებას. ჯერ ექიმებმა უნდა ისაუბრონ და პოზიციები შეაჯერონ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თავის მხრივ, ექიმი ფსიქიატრის მარინე კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზებს არ სცილდება, რაც ნიშნავს, რომ დოზებთან მიმართებით არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება.

მარინე კურატაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება.

„ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“, - განაცხადა ექიმმა.

ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სპეციალურ რეაბილიტაციას საჭიროებს, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოიძიეს: „საუბარი იყო უცხოეთში გადაყვანაზე“, - აღნიშნა ნევროლოგმა.

ამავე თემაზე

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს