ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა  „სამართლიანი არჩევნების“ ცდომილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა რომ „სამართლიანი არჩვენების“ პირველადი მონაცემები მცდარი იყო.

აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას და ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2.4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.

„PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისთვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ცდომილება ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და ოპოზიცია ანტიდასავლურ განცხადებებსა და პოლიტიკაში დაადანაშაულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის მხრიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პირების მიყურადების ბრალდებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, აბსურდული ბრალდებაა და PVT-ში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოჩენა მარტივი არითმეტიკული ანალიზით, აშკარა იყო.

„PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე“- აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომელიც საეჭვოდ თვლის თუ რატომ დაჭირდა ერთი თვე ხარვეზის გადამოწმებას და გაცილებით ადრე რატომ ვერ მოხდა ამ მონაცემების გამოქვეყნება.

კობახიძე მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას ადანაშაულებს „სამართლიანი არჩვენების“ მონაცემების გაყალბებაში. ნაციონალების მმართველობის პერიოდში არჩევნების გაყალბების დანერგვაში ადანაშაულებს და დასძენს რომ დანარჩენ ოპოზიციას, სწორედ აღნიშნული რადიკალური ოპოზიცია აშანტაჟებს, რომელიც მისი თქმით "არჩევნების გაყალბების მთავარი ოსტატია"

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, იმედს გამოთქვამს რომ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებში მოლაპარაკებების განახლების და შედეგის მიღწევის რესურსი არსებობს.

" უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი" - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.