ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა", პრეზიდენტ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართოს, რადგან რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესია, სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობას არ დაუშვებს.

როგორც ცნობილია, კრემლმა განაცხადა, რომ ბაიდენიც და პუტინიც შეთანხმდნენ მეტი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე 7 დეკემბერს გამართული ვიდეოზარის დროს. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ბაიდენს უთხრა: „[ჩვენ] აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს, ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს“. NCBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას ამ თემაზე, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა:

„რისი დანახვა გვსურს რუსეთისგან - და ისევ არამხოლოდ ჩვენ, არამედ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპაში - ჩვენ ვცდილობთ, დავინახოთ დეესკალაცია. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ, რომ რუსეთმა გაიყვანა ძალები საზღვრიდან. და ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიასა და დიპლომატიურ დიალოგში ევროპელებთან, უკრაინასთან, რათა მოაგვაროს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. დეესკალაციის არარსებობის შემთხვევაში, შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. როგორც იცით, ადრე ჟენევაში გაიმართა მათი შეხვედრა. არ არსებობს აკრძალვა ბატონ პუტინთან პირადად შეხვედრაზე. თუ ის კიდევ ერთხელ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, რთული წარმოსადგენია, რომ ეს კარგი კონტექსტი იქნებოდა შეხვედრისთვის“.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

ამავე თემაზე

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება