საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება: საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა მიღწეულ შედეგს

გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებენ, დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს და ხაზს უსვამენ რომ საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას, საბოლოო ჯამში კი - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის და გერმანიის საელჩოების მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში

„საქართველომ, გერმანიისა და საფრანგეთის ახლო პარტნიორმა, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი დამოკრატიული განვითარება განიცადა. მან განამტკიცა კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან და სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მძლავრი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და პლურალიზმის კარგი ფუნქციონირება ძლიერი დემოკრატიის აუცილებელი საფუძვლებია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია წლის დასაწყისში, საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე - შესანიშნავი. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში

ორი ქვეყნის საელჩო ხაზს უსვამს, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს.

„ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმკიცების მიზნით.იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახლახან გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობისკენ“, - ნათქვამია საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს საქართველოსთან დაკავშირებით გაავრცელეს.