იაგო ხვიჩია: ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ „საბედისწერო შეცდომა” დაუშვა. ის თავს იკავებს ზურაბ ჯაფარიძის საჯარო კრიტიკისგან.

"არ მინდა საჯაროდ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკა, მე ვერიდები ამას. მე მგონია, რომ ის ცდება. ჩემი აზრით, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ამ ყველაფრით. მაგრამ ვნახოთ, პროცესი გვაჩვენებს. „გირჩი“ 4 წლის წინ იყო პარლამენტში ვერშესული, გამოგდებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დასაშლელად იყო განწირული. ამ ერთობამ, ფაქტობრივად სამი ადამიანის ერთობამ, ან 4 ადამიანის, შეძლო ის, რომ 3% აიღო ფაქტობრივად ფულის და დანახარჯების გარეშე ამ არჩევნებში. თუ ზურაბ ჯაფარიძე ამას თვლის წარუმატებლად, მე მგონია, რომ ეს არასწორია, თუ თვლის ამას მხოლოდ საკუთარ ღვაწლად, ასევე არასწორია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება.

მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს.