თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება, კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება.

პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.

მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, გზის პროექტირების სამუშაო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.

სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი, ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის.

ასევე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო 16.6 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.