ბრიუსელი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტს უმასპინძლებს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტს დღეს, 2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელი უმასპინძლებს. ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან.

აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 2021 წლის ივნისში ბელარუსმა, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა.

ევროკავშირის განცხადებით, მას მზად აქვს 3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური და საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მოხმარდება „დემოკრატიულ ბელარუს“ (თუ ასეთი ტრანზიცია მოხდება). „ბელარუსი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენთვის შთაგონების წყაროა“, - ეს იყო ბოლო გზავნილი ევროკავშირისგან ბელარუსზე.

ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად €30 მილიონს გამოყოფს

პირველი სამიტია ასოცირებული ტრიოს ფორმატისთვის, რომელიც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2021 წლის მაისში დააფუძნეს. ამ ქვეყნების მიზანია ერთიანი ძალისხმევით ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

როგორც ცნობილია, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.

Europetime-ის ინფორმაციით, სამიტის დეკლარაციაში მხარდაჭერა იქნება გამოხატული ასოცირებული ტრიოს მიმართ და ევროკავშირთან მათი ურთიერთობის გაძლიერებაზე.

რა არის ევროკავშირის პრიორიტეტები დეკემბრის სამიტზე? რა მიზნები აქვს დასახული მომავალი წლებისთვის?

სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება ხუთი ძირითადი მიმართულების მხარდაჭერა - ეკონომიკა, მმართველობა, გარემო, დიჯიტალიზაცია და საზოგადოება. ეს პრიორიტეტები ეფუძნება აღმოსავლეთ პარტნიორობის წარსულ მიღწევებს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

€2.3 მილიარდის ოდენობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდაჭერით, ევროკავშირმა ჩამოაყალიბა ამბიციური ინიციატივების ნაკრები თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის, კონკრეტული პრიორიტეტული პროექტებით, რომლებიც მიიღებენ ხელშესახებ შედეგებს, რაც გავლენას მოახდენს ადამიანებსა და ბიზნესებზე.

ეს ინვესტიციები ფოკუსირებული იქნება სატრანსპორტო კავშირზე, მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე, ციფრულ გადასვლაზე, საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის მდგრადობაზე (ენერგოეფექტურობის ჩათვლით), ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და განათლების რეფორმებზე.

ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული პრიორიტეტები შემდეგ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკაში აისახება, მათ შორის, ეს მოიცავს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, ენერგეტიკა, გარემო, ჯანდაცვა, ციფრული კავშირები, მართლმსაჯულების რეფორმა, სატრანსპორტო კავშირები, ახალგაზრდების გაძლიერება.