მანამდე, შარლ მიშელი ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. საუბრისას განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები, შედგა აზრთა გაცვლა კომუნიკაციების გახსნაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე.
14 დეკემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევი დაადანაშაულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების გახსნის შეფერხებაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანმა არ უნდა გააკონტროლოს ბაქოს მიერ მოთხოვნილი სახმელეთო „დერეფანი“.
ბრიუსელში მოლაპარაკებამდე რამდენიმე საათით ადრე, ალიევმა განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანს“ უნდა ჰქონდეს იგივე სტატუსი, რაც არსებულ ლაჩინის დერეფანს, რომელიც აკავშირებთ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს.
„ლაჩინის დერეფანზე ამჟამად საბაჟო გამშვები პუნქტები არ არის, იგივე უნდა იყოს ზანგეზურის დერეფანზეც“, - განაცხადა ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკების შემდეგ.
„თუ სომხეთი დაჟინებით მოითხოვს საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობას ზანგეზურის დერეფნის გავლით საქონლისა და ხალხის გადაადგილების გასაკონტროლებლად, მაშინ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ იგივე პირობებს ლაჩინის დერეფნის შემთხვევაში“, - განუცხადა ალიევმა ჟურნალისტებს.
ფაშინიანმა უარყო ალიევის მოთხოვნები და დაადანაშაულა ბაქო მცდელობაში, რომ „რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხი ჩიხში შეიყვანოს“.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის მცდელობებს, გაავლოს პარალელები რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნასა და ლაჩინის დერეფანს შორის, არაფერს შუაშია ამ თემაზე დღემდე გამართულ დისკუსიებთან და ხელმოწერილ განცხადებებთან და მიუღებელია სომხეთისთვის“, - წერს ფაშინიანი Facebook-ზე. მისივე თქმით, „ამ პოზიციას ნათლად გამოხატავს სამმხრივ შეხვედრაზე.
ამავე თემაზე:
ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება