საქსტატი: ნოემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.20 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.20 ლარით გაიზარდა და 223.7 ლარი შეადგინა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით 50 თეთრით არის შემცირებული.

ამასთან, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.1 ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 30.3 ლარით აღემატება.

2004 წლიდან „საქსტატი“ საარსებო მინიმუმს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს.