გიორგი ვაშაძე: ეს არჩევნები მარტო ISFED-ზე არ იყო აგებული

"ეს არჩევნები მარტო ISFED-ზე არ იყო აგებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა."- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

"ISFED არ არის რიგითი არასამთავრობო ორგანიზაცია, როელსაც აქვს თავისი რეპუტაცია. ჩემთვის ის განმარტებები, რაც მივიღეთ, არის ძალინ მწირი. ვფიქრობ, რომ ISFED-მა გაცილებით მეტი და მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კიხვებს.. პირველ რიგში, მაინტერესებს, თუ ეს მართლა მოხდა, ორმოცი დღე რაში სჭირდებოდა მარტივი შეცდომის დადგენას. რა პროცედურები იყო აუდიტში ისეთი რთული, რომ მალე ვერ გააკეთებდნენ. თუ შეცდომა მოხდა, შეიძლებოდა იმ დღესვე, ან მეორე დღეს მაინც გასწორებულიყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მძიმე ვითარებაში ვართ." - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ "ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა, PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი იყო იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა."

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.