ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა.
ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ უკრაინა იმიტომ არის სამიზნე, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ბედავენ, იყვნენ თავისუფლები და სურთ, თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან.
„ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დაშოშმინების პოლიტიკა ძალიან საშიში სტრატეგიაა, ეს ამორალური და კონტრპროდუქტიულია. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან არის მობილიზებული და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ვინც იცნობს ბატონ პუტინს, იცის, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად და უდრეკად.
უკრაინა იმიტომ არის სამიზნე, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ბედავენ, იყვნენ თავისუფლები და სურთ, თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან.
და, როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ Nord Stream 2 უნდა გაგრძელდეს. როგორც ერთმა, რუსეთის იდეოლოგმა ღიად განაცხადა, კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს. დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე.
რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას. გავთიშოთ რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან ( SWIFT) გავანადგუროთ Nord Stream 2 და დავუწესოთ სანქციები პუტინსა და მის გარემოცვას.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩაგვრა კონტრპროდუქტიულია. ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავდგეთ უკრაინის გვერდით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.