ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა, თუმცა „ისიც მართალია, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა“.

„ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.