შეერთებული შტატები ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. შესაბამისი ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის Twitter გვერდზე განთავსდა.
„მივესალმებით გერმანიის რეაგირებას, ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაასამართლოს პირი მის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობისთვის. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, ეს მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოხდა“, - ვკითხულობთ სოცილური ქსელით გავრცელებულ პოსტში.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან. გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა.
15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოს 101 თანამშრომელი გაძევებულია ქვეყნიდან.
თავად რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ საქმე ეხება მიკერძოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთსა და გერმანიას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს.
ცნობისთვის, ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა.
ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.
ამავე თემაზე: