NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

Europetime-თან კომენტარში NATO-ს ოფიციალური პირი რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია კიევსა და მოსკოვში გამართული ბოლო შეხვედრების შესახებ და ალიანსი სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენ მზად ვართ რუსეთთან შინაარსიანი დიალოგისთვის. ჩვენ კვლავ ვიწვევთ რუსეთს NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე უახლოეს მომავალში. გავეცანით რუსეთის წინადადებებს და NATO-ს 30-ვე მოკავშირე შეთანხმდა ერთობლივ განცხადებაზე 16 დეკემბერს: „თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, მზად ვართ ნდობის განმტკიცების ზომებზე სამუშაოდ. ეუთო ასევე არის შესაბამისი პლატფორმა“.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა: „ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ბოლო წინადადებების შესახებ.

ცხადია, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა წარიმართოს ორმხრივ საფუძველზე, რუსეთის ქმედებების გამო NATO-ს შეშფოთების გათვალისწინებით და ის ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებსა და დოკუმენტებს და ჩატარდეს NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით. NATO-ს მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებაზე“.

ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ასევე განვაგრძობთ კონსულტაციებს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი NATO-ს 16 დეკემბერს ეწვია მოლაპარაკებებისთვის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს კიევსა და მოსკოვში ბოლო შეხვედრების შესახებ. ჩვენ სიტუაციას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა. რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.