PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოში „უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს“ გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

8-10 დეკემბერს, ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის მიზნით ეწვევნენ და ამ ვიზიტთან დაკავშირებით 17 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნეს.

ისინი უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს და ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური თანამშრომლობის და დიალოგის შეწყვეტის გამო სერიოზულ შეშფოთებს გამოხატავენ და პოლიტიკურ ძალებს ამ პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებენ.

განცხადების ავტორების თქმით, ეს ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდეს მათ, განსაკუთრებით ორ უმსხვილეს პარტიას, ქართულ ოცნებას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დააყენონ ქართველი ხალხის საერთო ინტერესი.

ამავდროულად, გამოთქვეს შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევების გამო. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ყველა ბრალდება და ინფორმაცია საარჩევნო გადაცდომის შესახებ. თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ყველა ბრალდება და ცნობა საარჩევნო გადაცდომის შესახებ.

თანამომხსენებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა.

მომხსენებლებმა ღრმა სინანული გამოთქვეს, რომ პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა. მომხსენებლებისთვის ეს ასევე ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები.

მომხსენებლები ასამბლეას 2022 წლის პირველ ნახევარში წარუდგენენ თავიანთ ანგარიშს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.