ზალკალიანი ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე: ანგარიში არავის მოუთხოვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი ესტონელი კოლეგის შეხვედრაზე ფარული მიყურადების საკითხზე საუბარი იყო, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილისთვის „ანგარიში არავის მოუთხოვია“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან.

დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ „არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის“.

„მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ.

გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს. არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. არ მოსთხოვა ანგარიში! ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა! გეუბნებით, როგორც იყო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში.

ამავე თემაზე:

ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს თანამშრომელთა ფარული მოსმენის საკითხზე ესაუბრა