15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტის ფარგლებში მიღებულ 22-გვერდიან დეკლარაციაში ევროკავშირმა დაინტერესებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი აღიარა, ამასთან, მიუთითა, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საზოგადოებებში. ეს სამიტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინისგან შემდგარი ასოცირებული ტრიოსთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ამ ფორმატში, კოორდინირებული მუშაობით პირველად იყვნენ წარმოდგენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
დეკლარაციაში, როგორც ამას სამიტამდე ერთი დღით ადრე, არაოფიციალურ საუბრებში აცხადებდნენ ევროკავშირის ოფიციალური პირები და რაზეც Europetime 14 დეკემბერს წერდა, ასოცირებული ტრიოს მიმართ მხარდამჭერი ჩანაწერი გაჩნდა. ამ ჩანაწერს მთავარ მოულოდნელობას უწოდებს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე, რომელსაც Europetime სამიტის შედეგებსა და დეკლარაციაში ასახული პუნქტების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ჩემთვის მოლოდინი იყო ასოცირების ტრიო და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რომ ეს ჩანაწერი აისახა დეკლარაციაში, პირველი ვერსია მქონდა ნანახი და თავიდან ეს ჩანაწერი არ იყო, რაც ნიშნავს, რომ დიდი სამუშაო გაიწია, კონკრეტულად ვისი მხრიდან, ამაზე პასუხის გაცემა ჩემთვის ახლა რთულია, თუმცა შედეგი ძალიან დადებითია. ამით ევროკავშირმა აღიარა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მისწრაფებები და ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრები გახდნენ. ეს ჩანაწერი ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და ნამდვილად შეიძლება, რომ წარმატებად ჩაითვალოს“, - მიიჩნევს ივანე ჩხიკვაძე.
რაც შეეხება საყურადღებო ნაწილს, ეს არის მართლმსაჯულების შესახებ ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირმა ზოგადად, ქვეყნებთან მიმართებით ახსენა, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია დეკლარაციაში არსებული მითითება - რომ „ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე განისაზღვრება ჩვენი შესაბამისი შეთანხმებებით და ჩამოყალიბდება, როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ისტორიაში ვნახეთ, რომ თავდაპირველად, უკრაინა იყო ლიდერი, თუმცა რეფორმების და მოლოდინის თვალსაზრისით, ევროკავშირის იმედგაცრუება გამოიწვია, შემდგომ იყო მოლდოვა ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქაც ანალოგიური პრობლემა იყო და რაღაც დონეზე ევროკავშირი თვალსაც ხუჭავდა კონკრეტული მიმართულებით. შემდეგ ვიყავით ჩვენ, საქართველო, აქაც დავინახეთ, რომ ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, ამიტომ ეს ჩანაწერი გარკვეულწილად ახმოვანებს იმას, რომ ზედაპირული რეფორმების გატარების შედეგად გახდეს ქვეყანა მოწინავე და ამაში მას კრედიტს მისცემენ, ასე აღარ იქნება“, - აღნიშნავს ივანე ჩხიკვაძე.
ასევე წაიკითხეთ: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული პრიორიტეტები შემდეგ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკაში აისახება, მათ შორის, ეს მოიცავს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, ენერგეტიკა, გარემო, ჯანდაცვა, ციფრული კავშირები, მართლმსაჯულების რეფორმა, სატრანსპორტო კავშირები და ასე შემდეგ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის პოლიტიკაში მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი საქართველოსთან მიმართებით ისევ აქტუალური იქნება.
„თვის დასაწყისში ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელიც ევროკავშირიდან საქართველოსკენ წამოვა, ეს მიებმება მართლმსაჯულებას, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ის თემაა, რომლის არმოგვარების შემთხვევაში ყოველთვის დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული საქართველოზე და რა თქმა უნდა, თავისთავად ხელისუფლებაზე“, - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე Europetime-თან.
ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს.
ამავე თემაზე:
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები