საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული სასამართლოს განაჩენს ეხმაურება.

უწყება აღნიშნავს, რომ „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“.

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გერმანიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობდა და „თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს“.

„ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს. მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია, რის გამოც მთავრობა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა.

სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული განცხადება ქართულ მედიაში 17 დეკემბერს გავრცელდა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა.

15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.