რა საკითხები განიხილა კარენ დონფრიდმა კიევში, მოსკოვსა და ბრიუსელში ვიზიტის დროს

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა კიევში, მოსკოვსა და ბრიუსელში ვიზიტები დაასრულა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ტური შეაჯამა და განაცხადა, რომ ეს იყო პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა აშშ-ს დაეფიქსირებინა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, დიპლომატიის გზის არჩევისა და მჭიდრო კოორდინაციისკენ NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან.

„კიევში ყოფნისას მდივნის თანაშემწე დონფრიდი შეხვდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი იერმაკს, საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის უფროსის მოადგილეს ანდრეი კოსტინს. დოქტორმა დონფრიდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მან ასევე დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის ერთგულება პრინციპისადმი, რომ უკრაინის საკითხზე გარეშე გადაწყვეტილებები და დისკუსიები კიევის გარეშე არ გაიმართება.

მან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან დაკავშირებით და დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს მძიმე შედეგებს. მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზის პოვნაა საჭირო, მათ შორის მინსკის შეთანხმებების განხორციელებით და ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით.

მოსკოვში დოქტორი დონფრიდი შეხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს. ამ შეხვედრების დროს მას ჰქონდა გულწრფელი და პირდაპირი დისკუსია რუს კოლეგებთან.

საბოლოოდ, მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა დაასრულა მოგზაურობა ბრიუსელში, სადაც მან კონსულტაციები გამართა NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან. მან გაიარა კონსულტაცია შემდგომი ნაბიჯების შესახებ და ასევე დაადასტურა ჩვენი ერთგულება მჭიდრო კოორდინაციის მიმართ. კარენ დონფრიდმა აღნიშნა, რომ ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან არის უდიდესი ძალა და რომ მათ გარეშე მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ