საქართველოში „ომიკრონის“ ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს ღრმა კვლევა.

„ომიკრონი“ შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა "ომიკრონისთვის" დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო „დელტა“ ან „დელტა პლუსი“. არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთან.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს