ნიდერლანდები „ომიკრონის“ გავრცელების ტალღის შესაჩერებლად მკაცრ „ლოკდაუნს“ დააწესებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მისივე ინფორმაციით. „ლოკდაუნი“ 19 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მაღაზიები, სკოლები, ბარები, რესტორნები და სხვა საჯარო დაწესებულებები დაიხურება მინიმუმ იანვრის შუა რიცხვებამდე. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ შეზღუდვები „გარდაუვალია“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, 2.9 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა პანდემიის დაწყების დღიდან და დაიღუპა 20 000-ზე მეტი ადამიანი.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.