„3+3“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დაანონსდა

სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა კვირას ისლამაბადში, პაკისტანში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომის მე-17 სესიის შემდეგ, იტყობინება TASS.

„[აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა] ბატონმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და მე განვიხილეთ [აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ] ალიევისა და [სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ] ფაშინიანის შეხვედრა ბრიუსელში, ასევე, მოსკოვში „3+2“ პლატფორმის შეხვედრა, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველო არ დაესწრო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაესწრება შემდეგ შეხვედრას, რომელიც, როგორც ვვარაუდობთ, თურქეთში გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ: ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი: ვიდრე ახალი სადისკუსიო პლატფორმების შესახებ ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას

შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.

ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია

18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.

თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.

„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა.

საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება.