ოლივერ ვარჰეი: ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩვენ მიერ მომზადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ევროკავშირსა და რეგიონს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობას. ეს პლატფორმა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალება ჩვენს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებში - აღდგენა, მდგრადობა და რეფორმებში დახმარების გაწევა“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა.