ნათია თურნავა ჟურნალისტს: გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში?

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უტიფრობას უწოდებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრმა მედიის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ალბათ „ვიღაცისთვის სასიამოვნო არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს“ და აქცენტი სხვა მიმართულებით ამიტომ გადააქვთ.

„ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას უტიფრად ავრცელებთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის სასიამოვნო არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს და გნებავთ, რომ აქცენტი პიროვნებაზე გადაიტანოთ. ეს გასაგებია, მაგრამ არაფერს მოიტანს.

მაინტერესებს, ის ტელევიზიები, რომლებიც ამ ინფორმაციას უტიფრად ავრცელებთ... გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში, თქვენი კოლეგების თანდასწრებით.

თქვენი ინფორმაცია, როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება, მომიხდით თუ არა ბოდიშს, იფიქრეთ ამ პასუხზე“, - მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს.