საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინბისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით 20 დეკემბერს ეწვია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა კოლეგის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია, რომ ეკონომიკური კომისია უმაღლეს, პრემიერ-მინისტრების დონეზეა აყვანილი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ემსახურება მის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“, რადგან დემოკრატიული განვითარების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, ღია და გამჭირვალე მმართველობის, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე გაიმართა.