რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი გერმანელი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გერმანიის საელჩოს ორი დიპლომატიური თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია გერმანიის მთავრობის არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ.
ამ ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მტკიცე პროტესტი" გამოუცხადა რუსეთში გერმანიის ელჩს გეზ ფონ გაირეს.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან, რის შემდეგად გერმანიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა.
ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.