ჯეიმს აპატურაი: სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს

„არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. ის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად 100%-ით ვაქცინის მომხრეთა რიგებშია.

„ვაქცინის შესახებ სოციალური მედიით გადაჭარბებული დოზით ვრცელდება ყალბი ცნობები და შეთქმულების თეორიები. სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს. თუ თქვენ ტელეფონი გიჭირავთ ხელში, მაშინ გეტყვით, რომ მატარებელი სადგურიდან კარგა ხანია დაიძრა და არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

„საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ჩემი და NATO-ს სახელით ვუსამძიმრებ საქართველოში COVID-19-ით დაღუპულთა ოჯახებს. მოუარეთ თავს და გაუფრთხილდით სხვებს. კორონავირუსი არ არის მითი ან ხუმრობა. არ არის აუცილებელი ყველა შობა დიდი წვეულებით აღვნიშნოთ. მერწმუნეთ, ამას ვერც ჩვენ შევძლებთ. ახლა სიფრთხილის და სიმშვიდის დროა“, - აღნიშნა აპატურაიმ „იმედთან“ ინტერვიუში.