სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია. აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში“, - აცხადებს უწყება.

გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა.