ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირების თქმით, გლობალური პანდემია მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
„მჯერა, რომ პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან ორი წლის შემდეგ, ჩვენ კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა ინსტრუმენტი [მასთან საბრძოლველად]”, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა Politico-ს ცნობით.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზები აჩვენებს, რომ ვაქცინის მარაგი საკმარისი უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციისთვის და 2022 წლის პირველი კვარტლისთვის მაღალი რისკის მქონე პოპულაციებისთვის გამაძლიერებლებით ასაცრელად.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისისთვის „ომიკრონი“ ევროპაში დომინანტური გახდება, ხოლო მის მიერ გამოწვეული დაავადების სიმძიმის დადგენას 3-4 კვირა დასჭირდება.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.