სტამბოლის აეროპორტში ამერიკელი დიპლომატი დააკავეს

თურქეთის პოლიცია აცხადებს, რომ გასულ თვეს სტამბოლის აეროპორტში ამერიკელი დიპლომატი დააკავეს, რადგან ეჭვობენ, რომ მან საკუთარი პასპორტი სირიის მოქალაქეს გადასცა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ოფიცრები ამბობენ, რომ სირიელი კაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც RS, დოკუმენტის გამოყენებით გერმანიაში გაფრენას ცდილობდა.

ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ ამერიკელი ბეირუთში აშშ-ის საკონსულოში მუშაობდა და დაკავებისას 10 000 დოლარის ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდა.

11 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაკავებულმა და სირიელმა კაცმა ტანსაცმელი გაცვალეს აეროპორტში, განაცხადა პოლიციამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

სირიელს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებაში ედება ბრალი და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თურქეთის პოლიციის ცნობით, დიპლომატი, რომლის ინიციალებია DJK, პატიმრობაში რჩება.

ასევე წაიკითხეთ: ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“

დიპლომატიური ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ბოლო წლებში დაიძაბა, მათ შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება მოჰყვა დასავლეთის ქვეყნების ელჩების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ბიზნესმენ და ფილანტროპ ოსმან კავალას პატიმრობის გამო.

ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა.