ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნაჭრის ნიღბები „ომიკრონთან“ ბრძოლაში არაეფექტიანია

ექიმმა ლინა უენმა „ომიკრონთან“ მიმართებით ნაჭრის ნიღბების ეფექტიანობაზე CNN-ის ეთერში ისაუბრა. ტელეკომპანიის სამედიცინო ანალიტიკოსის თქმით, მოსახლეობამ სამფენიანი სამედიცინო ნიღაბი უნდა ატაროს, ნაჭრის ნიღბები კი ვირუსისგან არ იცავს.

თავის მხრივ, პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ტრიშ გრინჰალგი ამბობს, რომ სხვადასხვა მასალების ნაზავით დამზადებული ორმაგი ან სამფენიანი ნიღბები შეიძლება იყოს უფრო ეფექტიანი, მაგრამ ნაჭრის ნიღბების უმეტესობა მხოლოდ „მოდის აქსესუარებია“.

იქედან გამომდინარე, რომ „ომიკრონი“ უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მთელ შეზღუდვებს ამკაცრებენ მისი გავრცელების შესაჩერებლად. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში ბრიტანეთმა აღადგინა სავალდებულო ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და ზოგიერთ დახურულ ობიექტში.

გარდა ამისა, ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.