საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა პოლიტიკიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ ხედავს მის მიერ დაწყებულ პროცესს, როგორც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქმის გადამწყვეტს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატში სისტემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

„აქ არის ცხადი ამბავი, რომ პრეზიდენტს აქვს შემოთავაზება და სურვილი, რომ შეიქმნას ფორმატი, სადაც სისტემურ საკითხებზე მოხდება მსჯელობა, უფრო ფართო კონტექსტში, დროსა და სივრცეში, მათ შორის და არა უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმატი ჩაანაცვლებს სხვა ტიპის მოქმედებებს, რომელსაც ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ.

ეს არც პრეზიდენტს უთქვამს, რომ ამ პროცესმა უნდა ჩაანაცვლოს ყველა სხვა პროცესი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ იაროს წინ და არ ვიყოთ გაჭედილი მუდმივად ჩიხში, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პერსპექტივას თვალსა და ხელს შუა აქრობს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ პროცესს პარტია ოპტიმისტურად უყურებს.

ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რიმ მიუხედავად იმისა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული, ამაზე მაღლა ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას აყენებენ, რაზეც პრეზიდენტთანაც ისაუბრა.

„ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენთვის მისასალმებელია პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ის, რაზეც ჩვენი პარტია აქცენტს არაერთხელ აკეთებდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია, შევამციროთ რადიკალიზაცია, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება ვერცერთი მიმართულებით.

პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, ის აგრძელებს ამ ტიპის დისკუსიებს, მათ შორის საზოგადოებრივ წრეებთან. ის არ ესაუბრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსებს, იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ამ პროცესში ეტაპობრივად შესათანხმებელი საკითხები, რაზეც შეიძლება პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიონ, რომ საბოლოო ჯამში, მაგიდაზე დაიდოს ის საკითხები, რაზეც მეტ-ნაკლებად აზრთა თანხვედრა იქნება.

გარანტიებზე მას არ უსაუბრია. მესმის, რთულია ამ საკითხებზე წინასწარ აქცენტების დასმა. ის აპირებს, შეხევდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გრძელდება და უკვე პროცესში ეს ყველაფერი გამოჩნდება. მთავარია, რომ ჩვენ პრეზიდენტის მიმართ ნდობა გვაქვს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუკი არ იქნება ხელისუფლებისგან გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება.

გიგი წერეთლის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს.

„როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო შეთანხმებაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს ამ მოკლე ვადაში რა შეიძლება მოხდეს განმუხტვის კუთხით.

რაც დავინახე, პრეზიდენტს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ნებისმიერი კონკრეტული ნაბიჯის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხარეს, იმიტომ, რომ თუკი არ იქნება ხელისუფლების მიერ გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება.

ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას იმ მომენტამდე ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმეს შანსი არსებობს. პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნაბიჯებზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია იდეა, პროცესი, მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაც დარჩეს თანხმობის კუთხით, ეს სიმპათიურად და მნიშვნელოვნად გამოიყურება, მაგრამ წარმოუდგენელად გამოიყურება თუკი ამას შემხვედრი ნაბიჯები არ ექნება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

თავის მხრივ, გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. მისივე თქმით, არ შეცვლილა არანაირი სკეპტიციზმი.

„რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს, შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით.

პირიქით კიდევ თუ სჭირდებოდა გამყარება, გამყარდა, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი ზოგადად იდეების, რომ მიდიოდეს თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო პირველ რიგში, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით რაიმე ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზეც თანხმობა გაჭირდება და ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე:

სალომე ზურაბიშვილი: არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ „მიშელის დოკუმენტს“