ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ „ცუნამის“ წინ ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების გამართვა ალოგიკურია

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის საქართველოში შემოსვლის პირობებში, კლუბებთან დაკავშირებით რეგულაციების მოხსნა, არასწორი იქნება. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება.

„ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციის და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს შეზღუდვები. ამიტომ, ეს სრულიად ალოგიკური იქნება, ქვეყანამ „ომიკრონის“ „ცუნამის“ და „ქარიშხლის“ წინ, მისცეს შესაძლებლობა ასეთი მაღალი ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების ყოველკვირეულად გამართვის. ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ მათ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს დაწესებულებები გაიხსნას“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვი მომხრეა, რომ Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრა ორი დოზა Pfizer-ით ჩანაცვლდეს.

„მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრებს, რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მიმდინარეობს მსჯელობა და მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, რომ „Sinopharm-ი და Sinovac-ი ორი დოზა Pfizer-ით ჩანაცვლდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა და დაამატა, რომ ეს ჩანაცვლება ადამიანის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონს აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსის აქტიური შემთხვევები საქართველოში 100 000-მდე ავიდეს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 32 148 აქტიური შემთხვევაა.