მოსკოვი ისევ აცხადებს, რომ საქართველოსთვის 3+3-ის ფორმატში მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა.
„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობის საკითხსა და პოლემიკას, პლატფორმის პირველ შეხვედრაზე 10 დეკემბერს, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ერთხმად გამოხატა ინტერესი თბილისის ამ ფორმატში მონაწილეობის მიმართ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღია რჩება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.
თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.