New York Times-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინას ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს გაუზიარებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას მიაწვდის სადაზვერვო ცნობებს, რომლებიც კიევს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სწრაფ რეაგირებაში უნდა დაეხმაროს.

The New York Times-ის ცნობით, პენტაგონის გეგმამ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ არის დამტკიცებული, შესაძლოა, რუსეთის დიდი გაღიზიანება გამოიწვიოს.

ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ჩვენი მიზანია, აშშ-ის მხრიდან დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პენტაგონის თანამშრომელთა მცირე ჯგუფი ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, რათა შეესწავლა, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ქვეყანას საჰაერო თავდაცვის კუთხით.

როგორც ცნობილია, აშშ-მ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, ჯაველინები და სხვა შეიარაღება მიაწოდა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.