„ომიკრონის“ გავრცელებამ პერსონალის დეფიციტი შექმნა, რასაც მთელ მსოფლიოში 1500-ზე ფრენის გაუქმება მოჰყვა

კვირას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. BBC წერს, რომ ჩინეთისა და ამერიკის ავიახაზები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

კომპანიები თანამშრომლების ნაკლებობას უჩივიან და აცხადებენ, რომ ფრენების გაუქმება ავიაკომპანიის ეკიპაჟების დადებითი ტესტის შედეგი და იძულებულნი არიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

FlightAware-ის ცნობით, კვირას 450-ზე მეტი ფრენა აშშ-ის აეროპორტებიდან გაუქმდა.

ყველაზე მეტად, ამერიკული კომპანიები Delta, United-ი და JetBlue დაზარალდნენ.

„შემთხვევების ზრდამ „პირდაპირი გავლენა იქონია იმ ადამიანებზე, რომლებიც მართავენ ოპერაციებს, ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ მგზავრებს აეროპორტში მისვლამდე“, - აღნიშნავს United-ის წარმომადგენელი.

„ომიკრონი“ ახლა დომინანტური შტამია აშშ-ში.

რაც შეეხება ჩინეთის ქალაქ სიანის აეროპორტს, აქ 100-მდე ფრენა გაუქმდა, რაც აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

ასევე წაიკითხეთ: „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად სჭირდებათ - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება