ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი უნდა გახდეს

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი უნდა გახდეს“. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ლეტალობის არსებული მაჩვენებელი დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის“.

„Covid19-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს პასუხი სისტემურია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს.

თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ეს ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს.

ამავე თემაზე:

კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა