ქართული თაფლი, მწვანე ჩაი და სხვა პროდუქტები თურქეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფართოვდება. საქართველოში თაფლის, ხილის წვენებისა და ჯემების, კონსერვების, ჩირეულის, მწვანე ჩაის და სოფლის მეურნეობის სხვა მთელი რიგი პროდუქციის მწარმოებლები შეძლებენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ ან გაზარდონ პროდუქცია თურქეთის ბაზარზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის შედგა, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია იყო. შეხვედრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში 2016 წლიდან მიმდინარეობდა. დელეგაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ.

უწყების ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის დროსაც შეთანხმების ტექსტში ცვლილები ოფიციალურად შევა.

"დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფორმატის მნიშვნელოვან მიღწევას - 2021 წლის აპრილში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამმხრივ ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ექსპორტის სტიმულირებას ახალ სექტორებში.

აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომსახურებით ვაჭრობაზე გავრცელების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის, ფიზიკურ პირთა გადაადგილებისა და ელექტრონული კომერციის მომსახურების დანართის ტექსტები.

მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრამდე მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე გაგრძელდება", - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.