ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები პირველი მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები. კანონპროექტი მათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც უზღუდავს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პროექტში არსებობს ასეთი ჩანაწერი: „სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებზე 2022 წლის 31 მარტიდან არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირებს არ აქვთ მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ისინი შეიძლება 2022 წლის პირველი მარტიდან კანონის შესაბამისად ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში“.
ლონდა თოლორაიას თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის პირველი მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს მიზნად.
„ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც, არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ, შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები თავიანთ სტატუსებს შეინარჩუნებენ. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვა ერთად არ არის თავსებადი და ამგვარი პრაქტიკა, როცა ორივე ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.