კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე წარიმართა

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოუწოდებს პარლამენტს, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ ეს რეორგანიზცია უნდა განხორციელდეს, ეს პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს და გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ. ელჩის რეკომენდაციაა, რომ ამ პროცესში ჩაერთონ თავად ინსპექტორის ოფისი, სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

„სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი არის მნიშვნელოვანი სააგენტო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე, მის მოვალეობებშია სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლებოდა, ჩადენილი ყოფილიყო საჯარო მოხელეების მიერ და ამით ის უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე.

ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის რეორგანიზაციას, გაყოფას, სამწუხაროდ, განხორციელდა გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთვათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებზე. მაშინ, როდესაც არ იყო იმის საჭიროება, რომ ეს პროცესი ნაჩქარევა წარმართულიყო.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა ოფისის გაძლიერებას, თუმცა მისი განხილვა არ მომხდარა.

ყველაზე პრობლემურია, რომ ეს კანონი შეიცავს ისეთ რეგულაციას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას. მაშინ, როდესაც კითხვის ნიშანი და საჩივარი არ ყოფილა მათ მიმართ არც პარლამენტიდან და არც სხვა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან და ყველა ასრულებს კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას“, - განუცხადა ელჩმა მედიას.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

ამავე თემაზე:

გაერო საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდებს