პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.

„ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.

მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არამხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!

მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ:

შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება, პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე იყოს მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს.

ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114-ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

„ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია არის ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული - ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. ეს დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე განხორციელდა

სახალხო დამცველი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის