მიხეილ სააკაშვილი: ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, რომელშიც წერს, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ.

„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, ექვსის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება, წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე უკვე 200/110-ზე.

ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი.

გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავთან და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია წერილში.

ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა.

მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ანა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი განახლდება თუ არა.

„მე დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ, აცნობეს, რომ მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. როგორც სააკაშვილმა მითხრა, არ იცის სად იგეგმებოდა მისი გადაყვანა“, - განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა