ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

უწყების ცნობით, მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 - 2019 წლებში იგი წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 – 18 წლებში ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა.

2018 – 19 წლებში რომეო მიქაუტაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად, შემდეგ კი შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელად.

მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი„, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“ და სხვ.

„მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი - მესტიის მშენებლობისთვის”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან დავით თვალაბეიშვილი „ესკოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.