ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ადამიანების უმრავლესობას განსაკუთრებული განწყობა უჩნდება. ეს განწყობა კი ხშირად გამოწვეულია საახალწლო ტრადიციებით და რიტუალებით, რომლის შესრულებასაც განსაკუთრებული ემოცია და ბედნიერი წლის მოსვლის იმედი ახლავს თან.
მშობლებისგან, პაპა-ბებიებისგან შემონახული ტრადიციები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვა და სხვაგვარია. თუმცა, თანამედროვე საახალწლო ტრადიციების უმრავლესობა სახეცვლილია და თანამედროვე გლობალური ელემენტებით გაჯერებული.
Europetime დაინტერესდა საუკუნეების წინ, როგორ აღნიშნავდენ ახალ წელს საქართველოს სამეფო კარზე, მეფეები, მთავრები, თავადები, ასევე როგორი იყო სხვადსხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საახალწლო რიტუალები, უბრალო ხალხში. რომელი მათგანი დაიკარგა და რომელი მათგანი შემოგვინახეს პაპა-ბებიებმა.
Europetime-მ უძველესი საახალწლო ტრადიციების შესახებ, რამდენიმე ისტორიულ წყაროს მიაგნო, მათ შორის ერთ-ერთია მე-14 საუკუნეში დაწერილი „ხელმწიფის კარის გარიგება“, სადაც დეტალურად არის აღწერილი სამეფო კარის საახალწლო რიტუალები. 1927 წელს, კი ქართულ საახალწლო ტრადიციებზე დეტალური აღწერა გამოაქვეყნა სერგი მაკალთიამ. 1901 წელს, სამეგრელოს მთავრის, დადიანის კარზე საახალწლო ტრადიციები იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ აღწერა.
ქართული სამეფო კარის სახაალწლო ტრადიციები და რიტუალები
ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ქართულ სამეფო კარზე, ახალი წლის რიტუალები რამდენიმე დღე გრძელდებოდა და საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მეფის სასახლეში ახალი წლის შეხვედრის წესები მკაცრად ყოფილა განსაზღვრული, რომელსაც ზედმიწევნით იცავდნენ.
ამ ტრადიციებს საწელიწადისთაოს უწოდებდნენ. მეფეს და სამეფო ოჯახის წევრებს, ახალი წლის შესახვედრად, ერთი კვირით ადრე ამზადებდნენ. მსახურთ-უხუცესი, მოლარეთ-უხუცესისგან იღებდა სადღესასწაულო მოსართავებს და სხვა ძვირფას ნივთებს, რითიც სამეფო სასახლის სადარბაზო ოთახს სადღესასწაულოდ რთავდნენ. ცნობებში არ არის შემონახული, როგორი საახალწლო დეკორაცია გამოიყენებოდა იმ დროს, თუმცა შემორჩა მცირე ცნობები მეფის საახალწლო შესამოსელის შესახებ.
საახალწლოდ მეფის ძვირფასი შესამოსელით შემოსვა მონადირეთუხუცესს ევალებოდა. „წელიწადის თავს მეფე მონადათირეთ-უხუცესისგან შეიმოსების ყვითლით ყაბარჩით, სახელ მოკლით, ტყავიანითა, მოყვენთუსლითა, არა დია პრტყელად თავსა და საყელოსა კარგისა ყვნდიზისა და მაღლად აშვერილსა, მჭლოდ შეკრულსა ქუდსა დაარქვამს“ - აღწერილია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“.
მონადირეთ-უხუცესის მიერ სადღესასწაულოდ შემოსილ მეფეს, საახალწლო ტაბლასთან მაღალ სკამზე დააბრძანებდენ და წინ უდგამდნენ ნანადირევი ველური ტახის თავით გაწყობილ ლანგარს. მეფის გარშემო წოდებების მიხედვით, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგს კი მეფის დაბრძანების შემდეგ, დაჯდომის უფლება ჰქონდა . ისტორიული წყაროების თანახმად საახალწლო სუფრასთან დაჯდომის უფლება ჰქონდათ ასევე მკერვალთ-უხუცესს და ტყისმცველებს.
სამეფო პროტოკოლის თანახმად, ახალი წლის ღამეს ცისკრის ლოცვის დაწყებამდე პირველი მეკვლეობა და მეფისთვის მილოცვის უფლება ვაზირთაშორის უპირველესს, მწიგნობართ-უხუცესს ჰქონდა. მწიგნობართ-უხუცესი ჯვრით, ხატით და ძვირფასი ნივთებით ულოცავდა მეფეს. შემდეგ კი ტკბილეულის მილოცვით „დააბერებდა“ . ტკბილეულით დაბერების ტრადიცია საქართველოში დღემდეა შემორჩინილი. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი ოჯახის წევრებს ტკბილეულს აჭმევს და ლოცავს სიტყვებით „ასე ტკბილად დამიბერდი“.
პირველ იანვარს, წირვის შემდეგ მეფეს უკვე ერისთავები ულოცავდნენ ძღვენით. ერისთავების შემდეგ, ულოცავდნენ ვაზირები სამეფო კარის სხვა მოხელეები.
ყოველი მათგან ერთმანეთს ეჯიბრებოდა ვინ უფრო უკეთეს ძღვენს მიართმევდა მეფეს.
პირველ იანვარს ვაზირთა შორის პირველი მილოცვის უფლება ბაზიერთ-უხუცეს ჰქონდა, რომელსაც საუკეთესო ქორ-შევარდენი და ველური ტახის მოოქროვილი თავი უნდა მიერთმია მეფისთვის. მეჯინიბეთ-უხუცესს კი ოქრო-ვერცხლით შეკაზმული ცხენი უნდა ეჩუქებინა, ხოლო ამირ-სპასალარს - ბურთი, ჩოგანი და ცხენი .
დადიანს ყოველწლიურად მეფისთვის სამი ცხენი უნდა მიერთმია ძღვნად, როგორც "ხელმწიფის კარის გარიგებაშია“ აღწერილი „ორი უკეთესი ცხენი და ერთი სატალახე. საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა შორის ერისთავნი ულოცავდნენ მეფეს არა კეთილთა ცხენის მირთმევით“.
სამეფო კარზე ახალ წელს, მეფეს ასევე ჩუქნიდნენ ისარს და წყელვა-კრულვით მოიხსენიებდნენ მეფის მტრებს შემდეგი სიტყვებით „მრავალ-ჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი და ისარი ესე, განერთხას მეფობისა თქვენისა ორგულთა“.
ვაზირთა და ერისთავთა მილოცვის შემდეგ, მეფეს ულოცავდა „სრულიად დარბაზის ერნი და დიდებულნი, ბოლოს სპანი და ლაშქარნი“
მისალოცი დარბაზობის შემდეგ, დიდი ლხინი იმართებოდა, მომღერლებით, მოცეკვავეებით, მოშაირეებით, მაშინდელი მსახიობების წარმოდგენებით და ა.შ. ასევე იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა და საბელზე თამაშობა.
ახალი წლის მეორე დღე, 2 იანვარი განკუთვნილი იყო ნადირობისთვის, რადგან სამეფო კარზე ნადირობა-ლაშქრობის ტრადიციებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რაც მაშინდელ საახალწლო რიტუალებში და სამეფო პროტოკოლშიც ნათლად ჩანს.
2 იანვარს ბედობა დღეს, ნადირობის, სავაჟკაცო ასპარეზობის და გართობის დაბედება სურდათ. ნადირობის ტრადიცია მათ რწმენაში დაკავშირებული იყო დამდეგ წელს მშვიდობის, ბედნიერების და გამარჯვების მოტანასთან.
ისტორიკოს სერგი მაკალთიას ცნობით, ახალ წელს ნადირობას სწორედ რომ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, ნადირის სახით მათ თავიანთი მტრები ჰყავდათ წარმოდგენილი. ამიტომ ყველანი ცდილობდნენ სამიზნისთვის არ აეცდინათ და მტერზე გამარჯვება დაბედებოდათ.
მესამე დღეს 3 იანვარს, სახელმწიფო ანგარიშების, დავთრების შემოწმების ტრადიცია არსებობდა. აღსანიშნავია რომ დღევანდელ ქართლის სოფლებში 3 იანვარი ბარაქის დოვლათის დაბედების დღედ ითვლება და მას კრუხობას ეძახიან. ეს ტრადიცი უფრო ძველ თაობაშია შემორჩენილ და მეკვლედ ყველაზე ძლიერი მეურნეობის მქონე მეზობლებს, ან ნათესავებს არჩევენ. როგორც ჩანს სახელმწიფო ქონების დათვლის და დაგეგმვის საახალწლო სამეფო ტრადიცია, უბრალო ხალხის ტრადიციებში დოვლათის დაბედების ტრადიციად გავრცელდა, რომლებიც დოვლათს წვრილფეხობით, მათ შორის შინაური ფრინველების გამრავლებით განსაზღვრავდნენ.
3 იანვარს სამეფო კარის წარმომადგენლები, ვეზირები ფულად ჯილდოებსაც იღებდნენ.
თავადების და მთავრების საახალწლო ტრადიციები
რაც შეეხება ფეოდალებს და მთავრებს, დადიანების კარზე საახალწლო ტრადიციები 1901 წელს აღწერილი აქვს იტალიელ მისიონერს, არქანჯელო ლამბერტის.
როგორც ლამბერტი წერს, სამეგრელოს მთავარი ახალი წლის დღესასწაულს არაჩვეულებრივი ზარ-ზეიმით ხვდებოდა. რომელშიც მონაწილეობას იღებდენ იმ დროის სამეგერელოს წარჩინებულნი, რომლებსაც მთავრისთვის ძღვენი უნდა მიერთმიათ.
სამეგრელოში დადიანების კარზე ახალი წლის მომლოცველთა პროცესია „კირიელეისონის გალობით მიემართებოდა დადიანების სასახლისკენ. შესვლისთანავე ერთი მათგანი მთავრის ეზოს ალაყაფის კარს სუროთი ამკობდა. სამეგრელოს წარჩინებულთა მილოცვებს სამეგრელოს მთავარი, დადიანი იღებდა. მირთმეულ საჩუქრებს კი დედოფალი სინჯავდა.
სერგი მაკალთიას ცნობით, მსგავსი საახალწლო ტრადიციები ჰქონიათ გურიელების სამთავრო კარზეც. ახალი წლის ღამეს მოძღვართუხუცესი კარებზე სამჯერ აკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით „კარი გამიღე“-ო. კითხვაზე გურიელი სამჯერ პასუხობდა „რა მოგაქვს“ , რასაც მოძღვართ-უხუცესი ყველა იმ სურვილის და ნივთების ჩამოთვლით პასუხობდა რაც გურიის მთავრებს გაახარებდა. რის შემდეგაც გურიის მთავარი კარს უღებდა მას. მოძღვართუხუცეს უკან მოჰყვებოდა გურიის წარჩინებულების პროცესია. პროცესიას წინ მიუძღვოდა ჩიჩილაკი და ძღვენით დატვირთული ლანგრები. ლანგრებზე ელაგა ღორის თავი, პურები, სიმინდი, ღომი, ღვინო, ტკბილეული და სხვა სანოვაგე.
ერთ-ერთ საახალწლო ლანგარზე გურიელების საოჯახო რელიქვიები, თავად გურიელის ძვირფასი, ძველებური ნივთები ელაგა, რომლებსაც სტუმრები ხელით ეხებოდნენ და სინჯავდნენ.
ე.წ ძღვენის მიმრთმევთა პროცესია გურიელების სასახლეს სამჯერ გარშემო უვლიდა.
როგორი იყო საახალწლო ტრადიციები ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
მე-20 საუკუნის დასაწყისში ისტორიკოს სერგი მაკალთიას მიერ შეგროვილი ცნობების მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული საახალწლო ტრადიციებისა, საქართველოს ყველა კუთხეს ერთი საერთო ტრადიცია აერთიანებდა, ყველგან ცხვებოდა კვერები, ბასილას ქანდაკება და თითქმის ყველა კუთხის საახალწლო სუფრაზე იყო ღორის თავი.
ხევსურეთი
ხევსურები ერთმანეთს ახალ წელს სახლის კართან ულოცავდნენ, რადგან მათი ტრადიციით სახლებში მიმოსვლა მხოლოდ ახალი წლის მესამე დღეს შეიძლებოდა.
პირველ იანვარს ოჯახის ერთ წევრ მამაკაცს ხატში გზავნიდნენ და იმდენ სანთელს ატანდნენ რამდენი წევრიც ოჯახში იყო. სალოცავიდან დაბრუნებამდე დანარჩენი ოჯახის წევრები სახლიდან არ გადიოდნენ.
ოჯახის წევრი მეკვლე სალოცავიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ ოჯახში, შემდეგ კი საქონლის სადგომში შედიოდა და სალოცავიდან წამოღებულ „ჭიჭს“ (ლუდის საფუარს) გადააბნევდა, თან ილოცებოდა: „ასე აფუებული ყოფილიყავითო“. ამ რიტუალის შემდეგ მას სამეკვლეო პურს აწოდებდნენ. მეკვლე სამჯერ შეაგდებდა მას მაღლა. წაღმა დალაგებული პური ოჯახის კეთილდღეობის მომასწავებელი იყო.
კახეთი
კახეთში ტყიდან მოჰქონდათ ხე, რომელიც დიდხანს იწვოდა, რათა ახალი წლის ღამეს კერაზე ცეცხლი არ გამქრალიყო. ეს ხე ოჯახში ღვთის ძალის შემოტანას ნიშნავდა. მეკვლე სახლში ცოცხალი ხის ტოტებს შემოიტანდა და ილოცებოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“, ხის ტოტებს ნაკვერჩხალს დაარტყამდა და რამდენი ნაპერწკალიც აალდებოდა, ამბობდა: ამდენი შვილი, ამდენი ბედნიერება და ბარაქა თქვენს ოჯახსო.
ასეთივე ტრადიცია ჰქონდათ მთიულეთ-გუდამაყარშიც, მაგრამ იქ მეკვლის როლს ოჯახის თავკაცი ასრულებდა. იგი სანთელს ანთებდა და ცეცხლს შემდეგ დაარტყამდა ხის ტოტებს.
თუშეთი
თუშები ახალ წელს „წელიწდობას“ ეძახდნენ. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. ლუდის მოხარშვა გვარის მნათეს ევალებოდა. გარდა ამისა, აცხობდნენ გულიან კოტორს – „ქრისტეს საგძალს“. მამაკაცებისთვის განკუთვნილს „ბაცუკაცს“ ეძახდნენ, ქალებისთვის კი მრგვალი კვერები ცხვებოდა. ცხვებოდა საქონლისთვის განკუთვნილი კვერებიც, რომლებზეც სხვადასხვა ნიშანი იყო გამოსახული. ყველა კვერს ხონჩაზე აწყობდნენ და ზედ მატყლს, მარილს, ერბოს და ყველს ადებდნენ. დიასახლისი სახლის ან ფუძის ანგელოზისა და კერის კვერებს აცხობდა. კერის კვერი პატარა და მრგვალი იყო. მას ნაღვერდალში წვავდნენ და სადმე ისეთ ადგილას აგდებდნენ, სადაც თაგვი ჭამდა.
ფშავი
„წელიწდობის“ შესახვედრად ფშაველები წინა დღეს ემზადებოდნენ და ამ დღეს „ლიტან დღეს“ ეძახდნენ. ახალი წლის დილას ოჯახის დიასახლისი გათენებისთანავე ფქვილს ცრიდა და „გოგების“ ბედის კვერებს აცხობდა. პირველად აცხობდნენ ხარის ფორმის კვერს, რომელიც მათი რწმენით პურის მოსავალს და საქონლის მატებას დააბედებდა.
ოჯახიდან ერთი წევრი დილით წყალზე უნდა წასულიყო, რომელსაც საუზმე მიჰქონდა, წყალში ყრიდა და ამობდა „წყალო ნაყრი მოგიტანე ბედი გამომაყოლეო“
ახალ წელს ფშავში, შუაფხოვში, საუზმის შემდეგ ერთმანეთს ცეცხლში ქუდებს უგდებდნენ. გამოცხობილ ხარის ფორმის კვერებს კი ხარის კისერზე ამტვრევდნენ და მათ აჭმევდნენ.
საახალწლოდ ხევისბერები ხატში მიდიოდნენ, იწმინდებოდნენ და ხატს ღამეს უთენებდნენ.ოჯახი ახალ წელს აუცილებლად ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. ოჯახის უფროსს სახლში ხონჩით თოვლი შეჰქონდა და ამბობდა: „ასე თეთრად დამიბერდით“.
სვანეთი
სვანეთში ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსი გარიჟრაჟზე დგებოდა, სულის დაუბერავდა კერაზე ცეცხლს ანთებდა. რის შემდეგაც ოჯახის უფროსი, ოჯახის უფროს ქალთან და ოჯახში ყველაზე კეთილი გულის მქონედ მიჩნეულ ვაჟთან ერთად ყველაზე დიდი ტანის ხარი უხმოდ მიჰყავდათ მდინარესთან. წყლის დალევის შემდეგ კალოზე თოვლის ზვინს დგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს სვამდნენ და სახლში ასე ბრუნდებოდნენ.
სვანეთში ახალი წლის ღამეს სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის გასავალ კარებზე კიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა. სახლში შესვლისას მეკვლე კერას სამჯერ შემოუვლიდა, დიდ ჯვრიან პურზე ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს დააწყობდა, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლიდა და დღესასწაულს ულოცავდა.
ქართლი
ქართლში შობა-ახალი წლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ: აცხობდნენ „ბასილას“, რომელსაც მამაკაცის გამოსახულება ჰქონდა, ორ-ორ ბედის კვერს ოჯახის თითოეული წევრისთვის და თითოსაც – შინაური პირუტყვისთვის, მათთვის დამახასიათებელ ნიშნებით. ოჯახის უფროსი გათენებამდე ხონჩაზე მოხარშულ ღორის თავს დებდა და გარშემო ბედის კვერებს შემოუწყობდა, ზედ „ბასილას“ დაასვენებდა, დასაბედებლად მასზე თაფლში ამოვლებულ პურის ნაჭრებსაც მოათავსებდა და მასზე ანთებულ სანთელს მიაკრავდა. ეს ახალ წელთან შეხვედრის აუცილებელი ტრადიცია იყო. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ.
გათენებისას ოჯახის უფროს საახალწლო ხონჩა გარეთ გაჰქონდა და სახლს ლოცვით გარშემო, სამჯერ უვლიდა. შემდეგ ბოსლისკენ მიდიოდა საქონლის მისალოცად. ბოსლიდან ისევ სახლში, „აბრამიანს“ სახლის კერასთან დგამდა, მუგუზალს იღებდა და რამდენიმე ნაპერწკალს აყრევინებდა რა დროსაც ხმამაღლა წარმოსთქვამდა, რამდენი ხარი სურდა მის ოჯახს, რამდენი ძროხა, ღორი და ფრინველი.
ამის შემდეგ ოჯახის ყველა წევრს თაფლიან პურს აჭმევდა სიტყვებით „ასე ტკბილად დამიბერდი“
ჯავახეთი
ჯავახეთში ახალ წელს ქართლის მსგავსად ხვდებოდნენ, მხოლოდ იმ განსხვავებეით რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელის რკინის ჯოხით სახლს სამჯერ უვლიდა გარშემო, თან სახლის ანგელოზებს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკისგან დაეცვა. გათენებისას ტაბლით ხელში სახლის ბანზე ადიოდა და შემდეგ სიტყვებს იძახდა „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლ-შვილო გწყალობდეთ ღმერთი“, შემდეგ ბანიდან კაცის ფორმის პურის ნამცხვრებს ჰყრიდა და გადაყრილი ნამცხვრების მდებარეობის მიხედვით დამდეგი წლის ბედს მკითხაობდნენ. სახლში შესული ოჯახის შესვლისას ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულს აჭმევს და ტკბილად დაბერებას უსურვებს.
მესხეთში განსაკუთრებით დიდი მოწიწებით იცავდნენ „ახალი წლის მიგეგების“ წესს, რადგან, მათი რწმენით, ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული მათი ოჯახის კეთილდღეობა. ამიტომ, წინა დღეს განათხოვრებულ ავეჯს და ჭურჭელს იბრუნებდნენ, რათა მათი დოვლათი და ბარაქა მეზობლების სახლში არ დარჩენილიყო. საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო კვერს აცხობდა. ჯერ „ბასილას“, რომელსაც გრძელი „წვერი“ და ნიგვზის თვალები ჰქონდა, შემდეგ „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს და ცხვრის „ბიჟუნას“ ამზადებდა. „ბედის პური“ მოცულობით ძალიან დიდი იყო. მის ცომში თეთრ აბაზიანს დებდნენ, ვისაც ეს აბაზი შეხვდებოდა, იმ წელს აუცილებლად გაბედნიერდებოდა.
იმერეთი
ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს დღემდე „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
გურიას და სამეგრელოს მოსახლეობას, როგორც მათ მთავრებს დაახლოებით მსგავსი საახალწლო ტრადიციები ჰქონდათ. კალანდის შემოსვლას ღამით თოფის გასროლით ეგებებოდნენ.
გურია
გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა და მარანში შედიოდა. იქ ოჯახის უფროსი საახალწლო გობს ხმა ამოუღებლად დგამდა მიწაზე. ჩაფს ღვინით ავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას შესთხოვდა. შემდეგ გობიდან კაკალს იღებდა და წმინდა ბასილს ევედრებოდა მისი ოჯახი კაკალივით სიუხვით აევსო. თხილი და კაკალი მსოფლიოში ნაყოფიერების და სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა.
თუ გატეხვისას კაკალი ცარიელი აღმოჩნდებოდა უბედურებას და სიღარიბეს მოასწავლებდა, ამიტომ წმინდა ბასილს ევედრებოდნენ მისი ოჯახი დამდეგ წელს ცარიელ კაკალს არ დამსგავსებოდა. თუ ჯანსაღი ნაყოფი აღმოჩნდება, მიიჩნევდნენ რომ ნაყოფიერი და ბედნიერი წელი ელოდათ. მარნიდან სახლში დაბრუნებული ოჯახის უფროსი კარზე აკაკუნებდა. დიასახლისი კითხულობდა რა მოგაქვს? . გურულები თავის იუმორს აქაც არ ივიწყებდნენ პასუხობდა „.მომყავს ოსმალეთის ფაშა, სპარსეთის შაჰი და მათი სიმდიდრით დატვირთული ჯორებიო“ . ასე ჩამოთვლიდა სანატრელ და სანუკვარ ნივთებს რაც ოჯახს სურდა. სახლში შესვლის შემდეგ ცხემლის ნაფოტს კერაზე აგდებდნენ და ოჯახს ულოცავდნენ.
გურიაში ასევე ყოფილა შემდეგ ტრადიცია. ახალი წლის ღამეს გათენებისას კერაზე ცეცხლს ანთებდნენ და ოჯახის წევრები ცეცხლს ზემოდან ახტებოდნენ. რის შემდეგაც ოჯახის უფროსი ჩიჩილაკს იღებდა და ახალი წლის მოსალოცად გარეთ გადიოდა.
სამეგრელო
სამეგრელოში ახალ წელს ოჯახის უხუცესი მამაკაცი ღამეს სხვა სადგომი ათევდა. გამთენიისას ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლებიანი ჯამით , რომელზეც კვერცხიც იდო, დილაადრიან გარეთ გადიოდა. მარცვლის თესვით ეზოს სამჯერ გარშემო უვლიდა სიტყვებით „ღმერთო, ამ რაოდენობის საქონელი მომანიჭე“. შემდეგ საქონლის დ პირუტყვის სადგომებს მოივლიდა და სახლში ბრუნდებოდა მეკვლედ. სახლის კარზე სამჯერ აკაკუნებდა. კარი თეთრებში გამოწყობილ ოჯახის ქალს უნდა გაეღო. ოჯახის უფროსი ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, „ბასილა“, ხაჭაპურები, ხილი და სხვა ტკბილეულობა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებდა“, საუზმის შემდეგ ოჯახის უფროსი ეზოში ბროწეულის ხესთან ღვინის ჭიქით მიდიოდა და ახალ წელს ულოცავდა. მერე ბროწეულის, თუთის, ან თხილის ტოტებით ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.
რაც შეეხება ორ იანვარს, ბედობა დღეს, მეგრელები კუჩხის უწოდებდნენ. როგორც სერგი მაკალთია წერს: „ უწინ ალბად, როდესაც სამეგრელოში ვაზი ჰხარობდა, კუჩხა დღეს ასეთი ჩვულება სცოდნიათ. მეკვლე ზურგზე გიდელ აკიდებული, რომელშიაც ეწყო ყურძნის მტევნის მსგავსი გამომცხვარი კვერები, საწნახელთან მიდიოდა და ქვით სცემდა შემდეგი სიტყვებით „ჩანა, ჩანა ჩქიმ მამულს ყურძენი დო შხვამ მამულს ფურცელი“.
მაკალთიას აღნიშნული ცნობით ირკვევა, რომ ძველად სამეგრელო ღვინის და ვაზის ტრადიციებით ტოლს არ უდებდა კახეთს, რაც საახალწლო ტრადიციებშიც აისახა.
აფხაზეთი
აფხაზეთში კვერების ცხობის სხვა ძირითადი ტრადიციები თითქმის იგივე ქონდათ. თუმცა ქოდათ გამორჩეული ტრადიცია. ახალ წელს იმდენ ძროხას, მამალს ან თხას კლავდნენ, ოჯახში რამდენი მამაკაციც იყო.
აჭარა
აჭარაში საახალწლო სუფრას სხვა სანოვაგესთან ერთად, აუცილებლად ამშვენებდა მჭადი. ოჯახის უფროსი გამცხობილ მჭადის ნატეხებს ოჯახის ყველა წევრს ურიგებდა, რომლებიც ღამით თავქვეშ იდებდნენ და დილით ადრე, მამლის ყივილამდე ჭამდნენ.
რაჭა
საახალწლოდ რაჭაში ორ „ბაჟულას“ აცხობდნენ, ერთს – ახალი წლისათვის, მეორეს – ძველისთვის. აცხობდნენ, ასევე, „ბასილას“ და ერთ დიდ პურს – „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახით აჭრელებდნენ. ამ ყველაფერს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებდა და ბეღელში ინახავდა. მამლის პირველი ყივილისას ცეცხლს დაანთებდა, შემდეგ გარეთ გავიდოდა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავდა, ჩიჩილაკს აიღებდა და ჯერ ბეღელში შედიოდა, შემდეგ კი სახლში შემდეგი ლოცვით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი – შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, მერე კი წყლის მოსატანად მიდიოდა. მის დაბრუნებამდე ოჯახის წევრები დგებოდნენ, მეკვლე ყველას ხელ-პირს დააბანინებდა, საუზმის დროს კი „კერია-ბერიას“ უნაწილებდა.
თბილისი
დედაქალაქში ახალი წლის დადგომა დიდი ხამურით იწყებოდა. შუა ღამის დადგომამდე, თოფების სროლა და ისეთი ყიჟინა ისმოდა, ვინმეს შეიძლება მტრის შემოსევა გონებოდა. ახალი წლის დადგომისას, ოჯახის დიასახლისი ტაბლაზე დგამდა მურაბით, გოზინაყით, ნამცხვრებითა და ხილით სავსე ლანგარს. ტკბილეულითა ხილით გაფორმებულ სუფრას ოთხივე კუთხეში სანთელს უნთებდნენ.
ასევე ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ბასილა. ძველად სწამდათ, ახალ წელს ბედნიერებას და იღბალს შეიძლებოდა გვერდით ჩამოევლო, ამიტომ კარს ღიად სტოვდნენ, რომ მათთანაც შეევლო. ოჯახის უფროსი პატარა ტაბლით ხელში მთელს სახლს მოივლიდ ხოლმე. სჯეროდათ, რომ თან ანგელოზი დაყვებოდა, რომელიც მათ კეთილდღეობას და ბარაქას მოუტანდა.