„გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოვახერხოთ მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იქნება იმის გარანტია, რომ 2022 წელს ჩვენ ალბათ გამოვაცხადებთ, რომ საქართველომ მოახერხა პანდემიის კონტროლი“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოვახერხოთ მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იქნება იმის გარანტია, რომ 2022 წელს ჩვენ ალბათ გამოვაცხადებთ, რომ საქართველომ მოახერხა პანდემიის კონტროლი. აქ არ არის საუბარი პანდემიის დასრულებაზე. აქ არის ლაპარაკი კონტროლზე, იმ შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანამ შეამციროს ინფიცირებულების რაოდენობა და ერთეულამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-ს.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რას ნიშნავს „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო სწრაფი გავრცელება.
ივანე ჩხაიძის თქმით, „კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს აქვს გაცილებით მეტი მუტაცია.
„მუტაციებმა, რომლებიც განვითარდა „ომიკრონში“, ხელი შეუწყვეს უფრო მეტი ადამიანის ინფიცირებას, უფრო სწრაფ ინფიცირებას, მუტაციის ძირითად აზრი ჯერჯერობით არა მძიმე დაავადების განვითარება, არამედ მარტივი ინფიცირებაა.
„დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს აინფიცირებდა, ხოლო თუ „ომიკრონი“ „დელტაზე“ მეტად აინფიცირებს, ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, 10-12 ადამიანის დაინფიცირების შესაძლებლობის მქონეა. ეს ნიშნავს სწორედ სწრაფ გავრცელებას. 5-ჯერ სწრაფად გავრცელდა იმ ვირუსთან შედარებით, რომლითაც პანდემია დაიწყო.
თუ საბოლოოდ დადასტურდა, რომ „ომიკრონი“ არ იწვევს მძიმე დაავადებას, ეს ძალიან კარგია, და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის რისკი ნაკლებია და მძიმე შემთხვევებს არ იწვევს. თუმცა მეორე მხარეა მნიშვნელოვანი, როდესაც ბევრი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელსაც ქრონიკული პრობლემა აქვს და ასეთი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებულებისთვის, საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ძალიან მაღალია.
ეს არის პრობლემა. სამხრეთ აფრიკაში 30%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც კლინიკაში მოხვედრის რისკი აქვთ. ეს არის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს, ინფიცირების რაოდენობა ერთია, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, თუ ამ ინფიცირებულებს შორის ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს შეიძლება, საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იყოს. ეს არის, რასაც ველოდებით და რისი დასკვნაც გვინდა, რომ ვნახოთ და ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის, იანვრის კვირის განმავლობაში უფრო მოგვცემს ამ ინფორმაციას აშშ-ის და ევროპის ქვენების მაგალითი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
28 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. 27 დეკემბერს 13 377 ადამიანი აიცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 280 377 ადამიანი - მოსახლეობის 44.6%.
სრულად ვაქცინირებულია 1 132 581 ადამიანი - მოსახლეობის 39.4%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 67 315 ადამიანი.
ამავე თემაზე:
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი