„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, მმართველი გუნდი შეეცდება, დაძლიოს ის.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად წარმოშობილი ორი უწყების დამოუკიდებლობას ან თავად სტრუქტურას რაიმე დაემუქროს. შესაბამისად, ვოლსკისთვის გაუგებარია ლონდა თოლორაიას მხრიდან ხისტი შეტევა და განცხადებები.
„გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ დაიჯეროს, ეს პარალელურად შემოტანილი კანონპროექტი იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და უკეთესი ახალი კანონი შევქმნათ, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის იმიტომ, რომ გაიწელოს ამის განხილვა და იქნება ჩაიშალოს კიდევაც განხილვის პროცესი და ამის თაობაზე არავის ჰქონია სხვა მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვა სხვა იყო.
რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიურო არ შემდგარიყო, იყო სახეზე და ამას არავინ უარყოფს. ეს რაღაც პროცედურულ ბრძოლაში გადაიჭრა, თუმცა ერთი უნდა აღინიშნოს ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით, ყველანაირი საშუალება აქვს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმ კანონპროექტისა, რომელიც იქნება კომიტეტზე და შემდეგ პლენარულზე განხილული.
გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა ოპოზიციამ, არის გამეორება, ანალოგი იმისა, რაც ჰქონდა ინსპექტორს წარმოდგენილი, ასე რომ განსხვავება ამ პოზიციებს შორის არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.
გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.
ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.