პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის განხილვაც სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.

როგორც ცნობილია, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება.

თავად სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც განხილვას ესწრებოდა და მოგვიანებით სხომა დატოვა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სადამსჯელო ოპერაციად აფასებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.

ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.