სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დატოვა მას შემდეგ, რაც მომხსენებლის რატი ონათამიშვილის პასუხები მოისმინა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ვერცერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მიიღო.
როგორც ცნობილია, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება.
რატომ არ იყო ამ პროცესში ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; რით აძლიერებს ეს კანონპროექტი იმ ორ სამსახურს, რომელიც იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის მსგავსად. რა ახალი ხელშეუხებლობის გარანტიები აქვს სახელმწიფო ინსპექტორს იმისთვის, რომ ორი წლის თავზე ანალოგიურად ისიც არ მოისროლოს საქართველოს პარლამენტმა სანაგვეზე. რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორის დანგრევა წინასაახალწლოდ - ეს იყო ლონდა თოლორაიას შეკითხვები, რომლებზეც, მისი თქმით, არგუმენტირებული პასუხები ვერ მოისმია.
„შესაბამისად, ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ გავაგრძელო ამ სხდომებში მონაწილეობა, ეს პროცესი არის სრულიად ხელოვნური, პროცედურისთვის გაკეთებული, ამიტომ მაქვს ბევრად მნიშვნელოვანი საქმე. აქ რომ აზრს ვხედავდე, აუცილებლად გავაგრძელებდი მონაწილეობას. მე ვიტოვებ იმის იმედს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრმლები ამ კანონის საფუძველზე არ დარჩებიან გარეთ. რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც უწყების მონაწილეობის გარეშე იგეგმება ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, უწყების მონაწილეობის გარეშე იშლება სამსახურები.
ეს უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არასოდეს არავის არ უთანხმებდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობდით მე და ჩემი თანამშროლები, ეს იყო კანონი, ეს იყო კეთილსინდისიერება, ეს იყო ღირსება და კანონპროექტის ავტორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ლონდა თოლორაიას არასოდეს ნეპოტიზმით არცერთი თანამშრომელი არ მიუღია სამსახურში, ამიტომ ებრძვიან ზუსტად ასეთ დამოუკიდებელ, პროფესიონალ თანამშრომლებს იმისთვის, რომ მათ მიიღეს კანონიერი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მან არ უარყო, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის „ბოლო წვეთი“ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო.
„შესაძლოა, თუმცა მე მაინც ძალიან მიჭირს იმის თქმა, ბოლო წვეთი რა იყო ამ ადამიანებისთვის. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, ამიტომ, ეს კითხეთ მათ, რა იყო ბოლო წვეთი. მე მინდა „მადლობა“ გადავუხადო ამ კანონპროექტის ყველა ავტორს იმისთვის, რომ ასეთი სიურპრიზი მოუწყო დეკრეტში მყოფ სახელმწიფო ინსპექტორს და საახალწლო სამზადისში მყოფ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
„ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე არ ვიცი, იმიტომ, რომ გარკვეულ უხერხულობას ამ ადამიანებს ნამდვილად ვატყობ“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახურის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობდა მაშინ, როცა მმართველი გუნდი სამსახურის გაუქმების კანონპროექტს წერდა და მასთან შეხვედრას თავს არიდებდა.
„ელემენტარულია, იმის გამბედაობა ჰქონოდა ვინმეს, რომ სამშობიაროდან არ მეწერა სამსახურის გაძლიერების კანონპროექტი, როცა თურმე თქვენ მისი გაუქმების წინადადებას წერდით - ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე მე ან ამ სამსახურმა?“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ სხდომის მიმდინარეობისას.
მან ასევე მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, თუ რას უპირებენ თანამშრომლებს: „არჩევით თანამდებობებში ჩაერევით და ეტყვით: „ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე, სოფო გაუშვი? ან რას ნიშნავს პარლამენტის რეკომენდაცია „ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი?“.
დღესვე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან აგრესია მისი კოლეგის ედუარდ მარიკაშვილის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას სიტყვა “ავტორიტარიზმის“ გამოყენებამ გამოიწვია, რის გამოც მას კითხვის დასმის საშუალება აღარ მისცეს.
„პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა, იმიტომ, რომ ჩემს კოლეგას ედუარდ მარიკაშვილს არ მისცეს კითხვის დასმის საშუალება. ლონდა თოლორაიას უუქმებენ უწყებას, არჩეულია ის მოგეხსენებათ სახელმწიფო ინსპექტორად, ამიტომ ვერ გადააყენებდნენ და შესაბამისად, მთლიანად აუქმებენ მის უწყებას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გამოავლინა დამოუკიდებელი უწყების მუშაობა და ხასიათი, ანუ რეალურად ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუღებელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ და ის ყველა ვარიანტში შეეცდება, ჩამოშალოს თუნდაც საჯარო სამსახური და სახელმწიფო უწყება. მე ვეთანხმები ედუარდ მარიკაშვილს - ასეთი ქცევა არ ეხება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორს, ეს არის სახელმწიფოს რღვევა და ავტორიტარული რეჟიმის ნიმუში და დამყარება“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.