დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის ინსპექტორის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

დუნია მიატოვიჩის შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის ინსპექტორის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას

„ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“,- ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.

ამავე თემაზე:

პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა